ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ საკუთარი არჩევანი #4 უბანზე დააფიქსირა
ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ საკუთარი არჩევანი #4 უბანზე დააფიქსირა
11:01 01.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ ეკატერინე ხვედელიძემ საკუთარი არჩევანი საპარლამენტო  არჩევნებზე კოჯრის ქუჩაზე მდებარე მეოთხე საარჩევნო უბანზე  გააკეთა. იგი საარჩევნო უბანზე ბიძინა ივანიშვილთან ერთად მივიდა, თუმცა, მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

რაც შეეხება თავად კოალიციის ლიდერს მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ისტორიაში პირველად ქართველი ხალხი ახერხებს გააკეთოს დემოკრატიულთან მიახლოებული არჩევანი.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ არჩევნების დღემდე ბევრი დარღვევა განახორციელა.

„ისინ დღესაც რაღაცას მოიფიქრებენ, მაგრამ ქართველი ხალხის სიბრძნემ და ხალხის დიდმა ისტორიულმა გამოცდილებამ მოახერხა და შექმნა ის პირობები, რომ ჩვენ პირველად მოვახერხებთ და გავისტუმრებთ ხელისუფლებას არჩევნების გზით“ - განაცხადა ივანიშვილმა.

ამასთან, კოალიციის ლიდერის განმარტებით, მან არჩევნებში მონაწილეობა იმის გამო არ მიიღო, რომ მისი თქმით, კონსტიტუცია ხელისუფლებამ თვითნებურად, არასამართლებრივი გზით შეცვალა.

„ამ არჩევნებს აქვს ის დატვირთვა, რომ ქვეყანაში დაბრუნდეს სამართლიანობა და იგი დემოკრატიულად განვითარდეს. კონსტიტუცია კი, ხელისუფლებამ ათასჯერ გადააკეთა და საკუთარ თავზე მოირგო. დაამახინჯეს და ქვეყანაში პრაქტიკულად სახელმწიფო გადატრიალება მოახდინეს, სახელმწიფოს მისი ფუნქცია დაუკარგეს. ამ მიზეზით არ ვსარგებლობ ასეთი კონსტიტუციით. მე მოვედი სამართლიანობის აღსადგენად და არ ვაპირებ უსამართლობით ვისარგებლო“-განაცხადა ივანიშვილმა.

ბეჭდვა