პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა
პრეზიდენტმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა
09:24 01.10.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო არჩევნებში თავისი არჩევანი #19 საარჩევნო უბანზე დააფიქსირა.

პრეზიდენტი უბანზე მეუღლესთან და უმცროს ვაჟიშვილთან ერთად მივიდა და საარჩევნო ყუთში კონვერტი შვილის დახმარებით მოათავსა.

როგორც სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი დღე საქართველოსთვის ისტორიულია, რადგან დღეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ბედი წყდება.

„დღეს ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ბედი წყდება იმისთვის, რომ საქართველომ წინ იაროს და აღარასოდეს დაბრუნდეს წარსულში, იმისთვის, რომ ჩვენი მომავალი თაობები უკეთეს ქვეყანაში გაიზარდონ და მათი ბედი უკან ვერავინ შეატრიალოს“ - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი, როგორც ყოველთვის, გადამწყვეტ მომენტში სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

მისივე თქმით, დღეს ქართველი ხალხისა და მრავალეთნიკური საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მომენტია.

„როგორც არასდროს, დარწმუნებული ვარ ჩვენი ხალხის სიბრძნეში, შორსმჭვრეტელობასა და გონიერებაში. ეს ის არჩევანია, რომელსაც არამარტო ახლანდელი თაობის, არამედ შემდეგი ათწლეულების განმავლობაში მომავალი თაობების გარემოზე გავლენის მოხდენა შეუძლია“-აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ დღეს მაღალი აქტივობა და სამოქალაქო შეგნების გამოხატულება დაფიქსირდება, რის შედეგადაც საქართველო და ქართველი ერი აუცილებლად გაიმარჯვებს.

ბეჭდვა