საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღევანდელ საპარლამენტო არჩევნების თბილისისა და 9 რეგიონის 35 საარჩევნო ოლქში აკვირდება.
როგორც საია-ს თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 195 საარჩევნო უბანში, ხოლო 35 ოლქში მობილური ჯგუფები მოძრაობენ.
ამასთან, საია აკვირდება გამონაკლის შემთხვევებში სპეციალურად შექმნილ უბნებს, უმცირესობებით დასახლებულ ოლქებში არსებულ და წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებში.
ორგანოზაცია აკვირდება არჩევნებს რეგიონებში - აჭარა; იმერეთი; გურია; სამეგრელო; შიდა ქართლი; სამცხე-ჯავახეთი; ქვემო ქართლი; კახეთი და მცხეთა-მთიანეთი.
ოლქების მიხედვით კი, საია-ს დაკვირვების ქვეშ მოექცა თბილისის ათივე ოლქი, ასევე ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს, ქუთაისის, წყალტუბოს, საჩხერის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ზუგდიდის, ფოთის, გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის, ახალციხის, რუსთავის, მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნის, თელავის, საგარეჯოს, ლაგოდეხისა და დუშეთის ოლქები.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აკვირდება საზღვარგარეთ შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისებს - აშშ-ში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და უნგრეთში.
ფუნქციონირებს სპეციალური ცხელი ხაზი, რომლის მეშვებით, როგორც მოქალაქეებს, ასევე ჟურნალისტებს შეუძლიათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. ცხელი ხაზის ნომერია - 218-26-11
დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე კი, საია დღის განმავლობაში რამდენიმე ბრიფინგს გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში.
