გოკა გაბაშვილი ჩვილის გარდაცვალებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირზე გაკეთებულ განცხადებებს გაუგონარ უსინდისობას უწოდებს
გოკა გაბაშვილი ჩვილის გარდაცვალებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირზე გაკეთებულ განცხადებებს გაუგონარ უსინდისობას უწოდებს
00:29 01.10.2012
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გოკა გაბაშვილი გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგში 10 თვის ჩვილის გარდაცვალებასთან „ნაციონალური მოძრაობის“ კავშირზე  გაკეთებულ განცხადებებს გაუგონარ უსინდისობას უწოდებს.

ამის შესახებ გოკა გაბაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

„ასეთი ბოროტება, რომ ადამიანებს ჩვილი ბავშვების მკვლელობა დააბრალო, გაუგონარი უსინდისობაა. ან ეს სკამები რად ღირს ან ეს პოლიტიკა? რას კადრულობთ, რას აკეთებთ, რა მეთოდებით იბრძვით? ნამუსი არა აქვს ან იმ ბერიკაშვილს ან იმ ალასანიას“- განაცხადა გაბაშვილმა.

მისივე თქმით, ადგილზე პოლიცია მუშაობს, რომელიც აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დეტალებს გაარკვევს.

გაბაშვილის თქმით, არჩევნების წინა დღეს მსგავსი თემებით მანიპულირება დაუშვებელია.

„ნაცმოძრაობის“ სპიკერი ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, კონკრეტულ ადამიანს - გარდაცვლილი ბავშვის დედას შთააგონეს, რომ მის ტრაგედიას გარკვეული პოლიტიკური სარჩელი აქვს.

„ეს დაუშვებელია. ეს ადამიანებისთვის შეურაცხმყოფელია. ეს იმის გამოხატულება, რომ არც „ქართულ ოცნებას“, არც მანანა ბერიკაშვილს და არც „მე-9 არხს“ - ამ ყველაფრის პროპაგანდის განმხორციელებელს არავითარი წმინდა და ადამიანური დარჩენილი არ აქვს საკუთარ თავში“- განაცხადა თაქთაქიშვილმა.

10 თვის ბარბარე რაფალიანი, რომელსაც დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ეძებდნენ, საძინებელი ოთახის გვერდით მდებარე მარანში, წყლით ნახევრადსავსე ქვევრში იპოვეს, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, გარდაიცვალა.

მანანა ბერიკაშვილი კოლაგში 10 თვის გოგონას გატაცების ფაქტზე აცხადებს, რომ ბავშვის დეიდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორი იყო და მანამდე მის ოჯახზე მუქარას ახორციელებდნენ.

ბეჭდვა