საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ოკუპურებული რეგიონების გარდა, ხვალ, 1 ოქტომბერს საპრლამენტო არჩევნები გაიმართება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქალაქეები აჭარის უმაღლეს საბჭოსაც აირჩევენ.
უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო 4 წლის ვადით აირჩევა და 150 წევრიანი იქნება. აქედან, 77 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით აირჩევა, ხოლო 73 წევრი – მაჟორიტარული.
საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცედურა 08.00 საათზე დაიწყება და 20.00 საათზე დასრულდება. არჩევნები ჩატარდება ასევე, საზღვარგარეთ გახსნილ 45 საარჩევნო უბანზე.
1 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება საქართველოს 73 ოლქის 3 648 უბანზე.
ცესკოს მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 613 851 მოქალაქეს შეადგენს.
ცესკო-მ საპარლამენტო არჩევნებისთვის 71 ე.წ სპეციალური უბანი გახსნა, რომელიც გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნებია. კომისიის ცნობით, ორი მსგავსი უბანი გახსნილია საავადმყოფოებში, ხოლო დანარჩენი - სასჯელაღსრულების სისტემის დაწესებულებებში, შეიარაღებული ძალების ნაწილებსა და პოლიციაში.
არჩევნებში 16 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობს, აქედან, 14 პარტია და ორი საარჩევნო ბლოკია.
არჩევნებში მონაწილე პარტიებია - „კახა კუკავა - თავისუფალი საქართველო” (N1), „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია” (N4), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-მეტი სარგებელი ხალხს” (N5), „სამართლიანი საქართველოსთვის” (N9), „სახალხო მოძრაობა” (N17), „თავისუფლება-ზვიად გამსახურდიას გზა” (N19), „ჯონდი ბაღათურია-
ქართული დასი’’ (N23), „ახალი მემარჯვენეები” (N24), „სახალხო პარტია” (N26), „მერაბ კოსტავას საზოგადოება” (N30), „მომავალი საქართველო” (N35), „საქართველოს მშრომელთა საბჭო” (N36), „შალვა ნათელაშვილი-
საქართველოს ლეიბორისტული პარტია” (N38) და „საქართველოს
სპორტსმენთა კავშირი” (N40).
საარჩევნო ბლოკებია - „გიორგი თარგამაძე- ქრისტიან-დემოკრატიული
გაერთიანება” (N10) და „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება” (N41).
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის მონცემებით, ამომრჩევლებმა 1 ოქტომბერს არჩევანი 2 806 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს, მათ შორის 2 313 კანდიდატი პარტიულ სიებშია შეყვანილი, ხოლო 493 კანდიდატი მაჟორიტარულ ოლქებში იყრის კენჭს.
კანდიდატებს შორის 797 ქალია, რაც 28,4 % შეადგენს.
ცესკო-ს ცნობით, თელავის, ხარაგაულის, ზუგდიდისა და ხულოს მაჟორიტარულ ოლქებში ასევე, კენჭს იყრის საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილი 4 კანდიდატი.
არჩევნების შედეგების დათვლა 20:00 საათიდან, უბნების დახურვის შემდეგ დაიწყება. ამავე დროს დაითვლება ავღანეთში, ქართულ სამშვიდობო მისიაში ჩატარებული არჩევნების ბიულეტენები.
