საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 1 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დღეს თბილისისა და 9 რეგიონის 35 საარჩევნო ოლქში დააკვირდება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საიას თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 195 საარჩევნო უბანში, ხოლო 35 ოლქში მობილური ჯგუფები იმოძრავებენ.
ამასთან, საია დააკვირდება გამონაკლის შემთხვევებში სპეციალურად შექმნილ უბნებს, უმცირესობებით დასახლებულ ოლქებში არსებულ და წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებში.
საია დაკვირვებას განახორციელებს რეგიონებში - აჭარა; იმერეთი; გურია; სამეგრელო; შიდა ქართლი; სამცხე-ჯავახეთი; ქვემო ქართლი; კახეთი და მცხეთა-მთიანეთი.
ოლქების მიხედვით კი, დაკვირვების ქვეშ მოექცევა თბილისის ათივე ოლქი, ასევე ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ხულოს, ქუთაისის, წყალტუბოს, საჩხერის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ზუგდიდის, ფოთის, გორის, ქარელის, კასპის, ხაშურის, ახალციხის, რუსთავის, მარნეულის, ბოლნისის, გარდაბნის, თელავის, საგარეჯოს, ლაგოდეხისა და დუშეთის ოლქები.
საია ასევე დააკვირდება საზღვარგარეთ შექმნილ საუბნო საარჩევნო კომისებს. 7 დამკვირვებელი დაკვირვებას 5 ქვეყანაში - აშშ-ში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიასა და უნგრეთში განახორციელებს.
ჩუგოშვილის თქმით, არჩევნების დღეს იფუნქციონირებს სპეციალური ცხელი ხაზი, რომლის მეშვებით, როგორც მოქალაქეებს, ასევე ჟურნალისტებს შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. ცხელი ხაზის ნომერია - 218-26-11
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში რამდენიმე ბრიფინგს გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში.
