„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ ამომრჩეველთა მიწვევის კამპანიას განახორციელებს.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის პრესპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს პროცესი ითვალისწინებს „კარდაკარის“ შედეგებით წინასწარ იდენტიფიცირებული მხარდამჭერების აღრიცხვას საარჩევნო უბნების მიხედვით და არჩევნების დღეს მათთვის საარჩევნო უბნებზე მისვლის შეხსენებას.
თაქთაქიშვილის განცხადებით, ამომრჩეველთა მოწვევის კამპანიაში ჩართული მოხალისეები და კოორდინატორები საარჩევნო უბნის შესასვლელთან გარკვეულ დისტანციაზე განთავსდებიან. ამასთან, კამპანიაში ჩართულ პირებს პარტიის სიმბოლიკიანი მაისურები არ ეცმევათ და არ ექნებათ მოძრაობის სააგიტაციო მასალები; თუ მსგავსი კამპანია სხვა პოლიტიკურ პარტიასაც ექნება, ისინი დისტანციას დაიცავენ, რათა ნებისმიერი სახის დაპირისპირება თავიდან იქნეს აცილებული.
„ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებს მოუწოდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და კანონდარღვევის შემთხვევაში შესაბამის სამართლებრივ მექანიზმებს მიმართონ.
ამასთან, პარტია ამომრჩევლების ავტოტრანსპორტით გადაადგილებას უზრუნველყოფს, ხარჯები კი, პარტიის საარჩევნო კამპანიის ფონდიდან დაფინანსდება.
