საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სამების ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ სიმშვიდესა და კაცთა შორის სათნოებაზე იქადაგა.
როგორც მან აღნიშნა, სახარებაში წერია, რომ „სადაც არის საუნჯე შენი, იქ არის გული შენი“.
მისი განმარტებით, საქართველოს უდიდესი საუნჯეა ის წმინდა ნაწილები, რომელიც წმინდა კალისტრატემ ჩამოაბრძანა და რომელსაც თითოეული ქართველი კრძალვითა და ლოცვით უნდა მიეხლოს. მისი თქმით, წმინდა ნაწილები იმისთვის ჩამოაბრძანეს, რომ საქართველოს სიმშვიდე და კაცთა შორის სათნოება მიანიჭოს.
„სიმშვიდე და კაცთა შორის სათნოება ანგელოზთა საგალობელია. როცა მაცხოვარი იშვა, ცაში ეს საგალობელი ისმოდა, რომელიც პირველად მწყემსებმა გაიგეს“ - ბრძანა პატრიარქმა და დასძინა, რომ სიმშვიდე და კაცთა შორის სათნოებაა ისაა, რაც ყველამ უნდა აკეთოს.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ თითოეული მოქალაქე ღმერთის გვერდით იქნება და მას ადიდებს, ასევე, თუ ადამიანთა გული სულისა და ხორცის ტაძარი იქნება, მაშინ ქვეყანაში მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება დაისადგურებს.
პატრიარქმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს სამღვდელოება წმინდა ნაწილებითა და ხატებით მთელს საქართველოს შემოივლის. ქადაგების დასასრულს უწმინდესმა რამდენიმე ქართული გვარიც დალოცა და ქვეყანას მშვიდობა უსურვა.
