საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილის განცხადებით, 1 ოქტომბერს საქართველოს მომავლის ბედი წყდება.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოს მოსახლეობა არ უნდა აყვეს მათ, ვისაც ხალხის ტელევიზიით, თავხედობით და უტიფრობით დაშინება უნდა.
მისი თქმით, საზოგადოებამ ერთად უნდა თქვას, რომ მას არაფრის არ ეშინია.
„ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, რომ არ გვეშინია ტანკების აქეთ-იქით ჯლიგინის, რადგან მშვიდობას და ჩვენს განვითარებას დავიცავთ. ჩავატარებთ ყველაზე სამაგალითო არჩევნებს და ქართველი ხალხი, რომელსაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში არაფერი შეშლია, მტრის ჯინაზე და ჩვენი მომავალი თაობების საკეთილდღეოდ, როგორც ყოველთვის, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“ - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ოზურგეთში მომავალი წლიდან თბილისიდან მატარებელი 2 საათზე ნაკლებ დროში ჩავა, რადგან რკინიგზის მშენებლობა სრულდება.
სააკაშვილის განცხადებით, დღეს რამდენიმე ადგილას წარმოუდგენელი რაოდენობის ხალხი შეკრიბა.
„ყველანი, როგორც არასდროს ისე უნდა დავირაზმოთ, რადგან არჩევნებში სააკაშვილის ან რომელიმე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ბედი კი არა, არამედ საქართველოს თავისუფლების, მომავლის, არსებობა-არარსებობის ბედი წყდება და არ გვაქვს უფლება, არ გავიმარჯვოთ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მთავარი სიტყვა არის ის, რომელსაც საქართველო 1 ოქტომბერს იტყვის და საქართველოს ისტორიაში ეს ყველაზე „მაგარი“ სიტყვა იქნება.
