საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს დასავლური
დემოკრატიისგან ბევრი აქვს სასწავლი.
როგორც მან თავისუფლების მოედანზე გამართულ „ქართული ოცნების“ აქციაზე განაცხადა, საქართველოს ოდითგან დასავლეთზე ეჭირა თვალი და წინაპრები ამაზე ზრუნავდნენ.
მისი თქმით, ჩვენმა წინაპრებმა აქამდე მოიტანეს ქვეყანა, რომელიც მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის საინტერესო და მიმზიდველია.
„ბევრი გვაქვს სასწავლი დასავლური დემოკრატიისგან, მაგრამ ტოლერანტობას, სხვა ერებთან მშვიდობიან თანაცხოვრებას, ვერავინ გვასწავლის. ვაჟა-ფშაველას შთამომავლები ვართ და ამით ყველაფერია ნათქვამი. დღეს ამერიკის შეერთებული შტატები და მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ჩვენი მეგობრები და სტრატეგიული პარტნიორები არიან“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ეს ინტერესი და ურთიერთობები გაღრმავდეს და განვითარდეს. საქართველოს კი, ამის ძალა შესწევს.
„გვწამს და მტკიცედ გვჯერა, რომ არჩევნებში გავიმარჯვებთ, ერთად შევქმნით უკეთეს მომავალს და ერთად ავისრულებთ ქართულ ოცნებას“ - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ საქართველო თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყანა და ევროპული თანამეგობრობის ღირსეული წევრი გახდება.
