ივანიშვილის თქმით, 1 ოქტომბერს ხალხი წართმეულ თავისუფლებას დაიბრუნებს
ივანიშვილის თქმით, 1 ოქტომბერს ხალხი წართმეულ თავისუფლებას დაიბრუნებს
18:05 29.09.2012
საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ 1 ოქტომბერს ხალხი წართმეულ თავისუფლებას დაიბრუნებს.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ აქციაზე განაცხადა, ბრძოლა ქვეყნისა და ხალხისთვის, აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება.

მისი თქმით, აღნიშნულ ბრძოლაში მთავარი იარაღი სიმართლეა, ამიტომაც, „ქართული ოცნება“ სამართლიანად გაიმარჯვებს.

„თავისუფლებისთვის ბრძოლას აღარაფერი შეაჩერებს. 1 ოქტომბერს აუცილებლად გავაფორმებთ გამარჯვებას, მარტო გაფორმება გვჭირდება, თორემ უკვე გამარჯვებულები ვართ. მჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობა, როგორც თავისუფალი და თავმოყვარე ერი, რომელსაც ღრმად სწამს, რომ თავისი ბედის ბატონ-პატრონია, აუცილებლად გაიმარჯვებს“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, 1 ოქტომბერს საკუთარი შვილებისა და მთელი საქართველოს მომავლისთვის ქუდზე კაცი გამოვა.

ივანიშვილის განცხადებით, 1 ოქტომბერს ამომრჩევლის ხელში საკუთარი სიმართლეა, ამიტომ, არჩევნებზე მისვლა არავინ უნდა დაიზაროს.

„ამ ბრძოლას მხოლოდ ერთად დგომით მოვიგებთ. ძალიან კარგად გვესმის თავისუფლების განცდა და კარგად ვგრძნობთ იმ სურნელს, რომელსაც თავისუფლება ჰქვია. ისეთ ქვეყანას ავაშენებთ, სადაც მოქალაქეებს თავის არჩევანს ვეღარავინ წაართმევს“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ისეთ ქვეყანას ააშენებს, სადაც აზრისა და სიტყვის თავისუფლება დაცული იქნება.

„სასამართლო იქნება სამართლიანი, მედია დამოუკიდებელი, ბიზნესი ხელშეუხებელი. ხელს შევუწყობთ საქართველოში კულტურული ცხოვრების აღორძინებას. ჩვენი ხელისუფლება ქართული ტრადიციების პატივისმცემელი ხელისუფლება იქნება“ - აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ხალხი ღირსებას დაიბრუნებს და თავისუფალ საქართველოში იცხოვრებს.


ბეჭდვა