ვანო მერაბიშვილმა თბილისისა და ლაგოდეხის კლინიკებში სადაზღვევო სისტემის ფუნქციონირება პირადად შეამოწმა
ვანო მერაბიშვილმა თბილისისა და ლაგოდეხის კლინიკებში სადაზღვევო სისტემის ფუნქციონირება პირადად შეამოწმა
17:55 29.09.2012
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი თბილისში, კლინიკა „ულტრამედს“ ესტუმრა.

პრემიერ-მინისტრმა კლინიკის პენსიონერ პაციენტებთან ერთად ის პროცედურები გაიარა, რომლებსაც დაზღვეული მოქალაქეები გადიან.

მან პირადად შეამოწმა სადაზღვევო სისტემის ფუნქციონირება და კლინიკის პერსონალთან და პაციენეტებთან საუბრის დროს ყურადღება გაამახვილა ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მნიშვნელობაზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს ლაგოდეხის კლინიკაშიც იმყოფებოდა, სადაც პაციენტებს და სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა.

კლინიკის ერთ-ერთ პალატაში განთავსებულ პენსიონერებთან საუბრის დროს, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ 1 სექტემბრიდან, მას შემდეგ რაც ამოქმედდა სახელმწიფო დაზღვევის პოლისი 600 ათასი პენსიონერისთვის, ყოველმა მესამემ, სულ 200 ათასმა პენსიონერმა, უკვე მიაკითხა კლინიკებს და ისარგებლა აღნიშნული პოლისით.

გარდა ამისა, ვანო მერაბიშვილის განცხადებით, მოსახლეობისთვის კიდევ ერთი შეღავათი იქნება 1000 ლარიანი ვაუჩერი, რომელიც მათ 1 იანვრიდან დაურიგდებათ.

კლინიკის სამედიცინო პერსონალთან შეხვედრის დროს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სამედიცინო სექტორში სახელმწიფოს მხრიდან მეტი თანხების ჩადების აუცილებლობაზე.

მისი თქმით, სამედიცინო სექტორის დაფინანსების ზრდას უნდა მოჰყვეს პერსონალის ხელფასების ზრდა და სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

ბეჭდვა