კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე ინტერნეტ და მედიასივრცეში
გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს გამოეხმაურა, რომელიც კოალიციის წევრების ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან კავშირს ეხება.
მისი თქმით, აღნიშნული ჩანაწერები ხელისუფლებამ პატიმართა წამების კადრების გადასაფარად გამოაქვეყნა.
მისივე თქმით, სააკაშვილის ხელისუფლება ცდილობს ხალხი შეცდომაში შეიყვანოს, რომ ხელისულებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემთხვევაში ქვეყანაში კვლავ „კანონიერი ქურდების“ დრო დაბრუნდება. ამასთან, ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული რიტორიკის აღარავის, მათ შორის, არც ხელისუფლებას აღარ სჯერა.
„წესრიგი მოაქვს სამართალს და სამართლიანობას. უსამართლობასა და ძალმომრეობაზე დამყარებულ წესრიგს მოაქვს ერთი მოძალადის მეორეთი შეცვლა. საქართველოში ხალხმა საკუთარ თავზე გამოსცადა, თუ რას ნიშნავს კანონიერი ქურდების მიერ დამყარებული წესრიგი და ამას აღარავინ დაუშვებს. ის დრო აღარასოდეს დაბრუნდება, მაგრამ ჩვენ არც იმას დავუშვებთ, რომ „კანონიერი ქურდი“ ქურდად მომჯდარმა ხელისუფლებამ ჩაანაცვლოს“- აღნიშნა მან.
ივანიშვილის თქმით, როდესაც ქვეყანაში კრიმინალები მძლავრობენ, პატიოსანი ადამიანი სახელმწიფოს იმედადაა, მაგრამ როდესაც სახელმწიფო „ავაზაკთა ბანდასავით“ იქცევა, ეს გაცილებით უფრო საშიში და ქვეყნისთვის დამანგრეველია.
„დიახ, ჩვენ მოვალთ და დავამყარებთ წესრიგს, მაგრამ ეს იქნება დემოკრატიაზე, სამართლის უზენაესობასა და ადამიანის ღირსებაზე დამყარებული წესრიგი“-განაცხადა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი აქცია ამ დროისთვის უკვე დასრულებულია.
