საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი რაიონებში რეგისტრირებულ მოქალაქეებს
რეგისტრაციის ადგილზე ჩასვლისა და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
როგორც ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ აქციაზე განაცხადა, არჩევნებში ხმის მიცემა არავინ უნდა დაიზაროს, რადგან თითიეულ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
მისი თქმით, მოქალაქეებმა ხმა საკუთარი შვილებისა და ქვეყნის მომავალს უნდა მისცენ.
„მინდა მივმართო მათ, ვინც ამჟამად თბილისში ცხოვრობს, მაგრამ რაიონებში არიან რეგისტრირებულნი - 1 ოქტომბერს ყველა რეგიონებში, რეგისტრაციის ადგილას უნდა ჩავიდეს და არჩევნებში მონაწილეობა აუცილებლად მიიღოს. ნურავინ ნუ დაიზარებთ, რადგან თითოეულ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“ - განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, 1 ოქტომბერს თითოეული მოქალაქე საქართველოს სჭირდება და არჩევნებზე მიუსვლელობას გამართლება არ ექნება.
„იცოდეთ, რომ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც „ქართული ოცნების“ კანდიდატი არაა, რაგინდ კარგი სახელი ჰქონდეს, ნებით თუ უნებლიედ „ნაცმოძრაობის“ სამსახურში დგას და მათ საქმეს აკეთებს“ - აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ მოქალაქეებმა მხარი მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს უნდა დაუჭირონ.
