ივანიშვილის თქმით, არჩევნებზე არმისვლა საქართველოს მოქალაქეების მიერ საკუთარ მომავალზე უარის თქმის ტოლფასი იქნება
ივანიშვილის თქმით, არჩევნებზე არმისვლა საქართველოს მოქალაქეების მიერ საკუთარ მომავალზე უარის თქმის ტოლფასი იქნება
17:06 29.09.2012
საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ არჩევნებზე არმისვლა საქართველოს  მოქალაქეების მიერ საკუთარ მომავალზე უარის თქმის ტოლფასი იქნება.

როგორც ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ მიმდინარე აქციაზე განაცხადა, მოქალაქეების ღირსების საქმე სწორედ საარჩევნო ყუთებთან წყდება.

მისი თქმით, საარჩევნო ყუთთან საქართველოს მოქალაქეებმა მომავლის წილი უნდა აირჩიოთ და ამ არჩევანით მომავალი უნდა შეუქმნას საკუთარ თავს და მთელ სახელმწიფოს.

„ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელიც ხელისუფლებას ხელში აიღებს და ხალხის სამსახურში რეალურად ჩადგება. არჩევნებით უნდა დავამარცხოთ სისტემა, რომელმაც კაცობრიობის წინაშე დანაშაული ჩაიდინა. ყველაფერს გავუმკვადებით, მხოლოდ ჩვენი კეთილგონიერებით და მტკიცე ნებით გავიმარჯვებთ“ - განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, 1 ოქტომბერს მოქალაქეები ხმას მისცემენ ხელისუფლებას, რომელიც ხალხის დასაქმებაზე იზრუნებს და არა ხელისუფლებას, რომელიც მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე ფიქრობს.

ივანიშვილის განცხადებით, საზოგადოება აირჩევს ხელისუფლებას, რომელიც ხალხის ჯანმრთელობაზე იზრუნებს და არა ხელისუფლებას, რომლის მმართველობაში ადამიანები უექიმოდ და უწამლოდ კვდებიან.

„ხმას მისცემთ ხელისუფლებას, რომელიც ყველა სოფელს უფასო სკოლასა და ბაგა-ბაღს გაუხსნის და არა ხელისუფლებას, რომელმაც დააქცია და წელში გაწყვიტა გლეხი კაცი“ - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ 1 ოქტომბერს მოსახლეობა ხმას მისცემს ხელისუფლებას, რომელიც სამართლიან გადასახადებს დააწესებს.




ბეჭდვა