ივანიშვილი - ვაფრთხილებ ყველას, არავინ გაბედოს ხალხის მოთმინების გამოცდა
ივანიშვილი - ვაფრთხილებ ყველას, არავინ გაბედოს ხალხის მოთმინების გამოცდა
17:04 29.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხალხის მოთმინების გამოცდისგან ყველას თავის შეკავებას ურჩევს.

როგორც ივანიშვილმა დღეს თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა, ორ დღეში საქართველოს ბედი წყდება და ხელისუფლებას „შეთითხნილი ტყუილებით“ ხალხის ნების დათრგუნვა აღარ გამოუვა.

მისივე თქმით, ხალხმა გამოიღვიძა, თუმცა, ამის გაგონება მხოლოდ ხელისუფლება არ უნდა, რომელიც მის მიერ დაჩაგრული და ღირსებააყრილი ადამიანების ხარჯზე ფუფუნებაში ცხოვრების შესაძლებლობას კარგავს.

ივანიშვილი ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო. როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებისთვის დიდი ხანია ცნობილია საპატიმროებში ხალხის წამებისა და მკვლელობების შესახებ, ამიტომ აღარავის უშველის იმის მტკიცება, თითქოს ამ ფაქტების შესახებ არავინ იცოდა.

„ამ უსასტიკესი და დაუნდობელი სისტემის შექმნას ხელისუფლებამ 9 წელი მოანდომა. ახლა შეშფოთდნენ და გაბრაზდნენ, რადგან არ ეგონათ კადრები საჯარო რომ გახდებოდა და ყველა ნახავდა იმ არაადამიანობას და სადიზმს, რომელიც მათ მიერვე იყო დანერგილი“-აღნიშნა მან და დასძინა, რომ ადამიანები, ვინც საკუთარი დუმილით ამ რეჟიმის ნამუსის მოწმენდით იყო დაკავებული, ამ სირცხვილს ვერასოდეს ჩამოირეცხავენ.

მისივე თქმით, ამ რეჟიმს ხალხმა განაჩენი უკვე გამოუტანა და ეს 1 სეტემბერს ოფიციალურად გაფორმდება.

მისივე თქმით, სააკაშვილის სისტემა უნდა დაინგრეს. ივანიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლების უკანონობაზე თვალს აღარც დასავლეთი დახუჭავს, რადგან წარმოუდგენელია, დასავლეთმა მხარი „სადისტური სისტემის შემქმნელებს“ დაუჭიროს.

ბეჭდვა