კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღევანდელმა დღემ დაადასტურა, რომ „ქართული ოცნება“
აუცილებლად გაიმარჯვებს.
ამის შესახებ მან დღეს თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე განაცხადა, სადაც ამ წუთებში სიტყვით გამოდის.
ივანიშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ გამარჯვება არა მხოლოდ მისი პოლიტიკური კოალიციის, არამედ მთელი საქართველოს გამარჯვებას ნიშნავს.
მისივე განცხადებით, ხელისუფლებამ ბევრი ეცადა, მაგრამ ხალხი ვერ დაიმორჩილა და მათში თავისუფლების და სამართლიანობის განცდა ვერ ჩაკლა. ივანიშვილმა დასძინა, რომ ამას დღევანდელი აქციის მასშტაბურობაც მოწმობს.
„ვერავინ შეაჩერებს საქართველოს წინსვლას, ვერავინ შეძლებს მოწყვიტოს საქართველო ევროპულ ცივილიზაციას და კულტურას. ამ ხალხის დამონება და ღირსების აყრა შეუძლებელია“-აღნიშნა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, უკვე დღესავით ნათელია, რომ კოალიცია გაიმარჯვებს და „კიდევ ერთ გამარჯვებას ჩაწერს საქართველოს უძვირფასეს ისტორიაში“.
