საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა. როგორც პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ხელისუფლების
მთავარი მიზანი ახალგაზრდობისთვის საუკეთესო განათლების მიცემაა.
სააკაშვილის განცახდებით, საქართველოს ყველა უმაღლესი სასწავლებელი ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დონის იქნება და ისინი ისეთ დიპლომებს გასცემენ, რომლითაც მაღალანაზღაურებადი სამსახურსის პოვნა საქართველოშივე იქნება შესაძლებელი.
„საქართველოში ყველა უნივერსიტეტი იქნება მსოფლიო კლასის და ჩვენ გვექნება მომავალი“-აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ბათუმი „სასწაული ქალაქი“ გახდა, თუმცა, ჯერ კიდევ ბევრ ადამიანს უჭირს, გაჭირვების დასაძლევად კი, ხელისუფლება კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს.
„ჩემი პირადი არსებობა, ჩემი სიცოცხლე გეძღვნებათ თქვენ“-მიმართა ხალხს პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ კრიმინალთან ბრძოლის პოლიტიკა შეინარჩუნიოს. ამასთან, მან მთავრობის სოციალურ პოლიტიკაზეც ისაუბრა.
„ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხებთ გაჭირვებას“-აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ბათუმი იქნება საქართველოში პირველი ქალაქი, სადაც არც ერთი ბარაკი, დანგრეული სახლი და გაღატაკებული ოჯახი არ იარსებებს.
სააკაშვილის თქმით, ბათუმში მიმდინარე აღმშენებლობა დასაწყისის დასაწყისია. მისივე განცხადებით, საქართველოში ვერასოდეს მოვა მთავრობა, რომლისთვისაც ქვეყნის აღორძინება უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება, ვიდრე ეს „ნაციონალური მოძრაობისთვისაა“.
„ამიტომ, მეგობრებო, დღეს გვინდა თქვენი დახმარება იმაში, რომ ამ სასწაულის მშენებლობა არავინ შეაჩეროს, რათა თითოეულ ოჯახამდე მიაღწიოს მეტმა სარგებელმა“-განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მას მხოლოდ ისეთი პოლიტიკის სწამს, რომელსაც ხალხისთვის სიკეთე მოაქვს.
