მაია ფანჯიკიძის თქმით, თინა ხიდაშელს კანდიდატურა არ მოუხსნია
მაია ფანჯიკიძის თქმით, თინა ხიდაშელს კანდიდატურა არ მოუხსნია
13:51 29.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს საგარეჯოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის  კანდიდატმა თინა ხიდაშელმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

როგორც ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ხიდაშელი საგარეჯოში იმყოფება და ამომრჩეველთან შეხვედრებს მართავს.

პრესსპიკერი განმარტავს, რომ ხიდაშელი კოალიციის დღევანდელ აქციას დაესწრება, შემდეგ კი ისევ საგარეჯოში დაბრუნდება.

„როდესაც ხიდაშელის მიერ კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია ფართოდ გავრცელდა ნაციონალური ტელევიზიებით, იმ მომენტში მას ჰქონდა ძალიან ხალხმრავალი შეხვედრები, რაც ზოგიერთი ტელევიზიის ეთერითაც გადაიცა“-აღნიშნა ფანჯიკიძემ.

„ქართული ოცნება“ დარწმუნებულია, რომ ხიდაშელი საგარეჯოში გამარჯვებას შეძლებს.

ინფორმაცია ხიდაშელის მიერ კანდიდატურის მოხსნის შესახებ მას შემდეგ გავრცელდა, რაც სოციალურ ქსელ Youtube-ზე აუდიო ჩანაწერები დაიდო. ჩანაწერში, რომელიც „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრის სახელით ვრცელდება, კოალიციის ერთ-ერთი წევრი, ირაკლი ღარიბაშვილი თინა ხიდაშელს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.

ბეჭდვა