პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს,
სოლომონ ქიმერიძის საქმესთან დაკავშირებით ქულების ჩაწერისგან თავი შეიკავონ.
აღნიშნული განცხადება ლაშა თორდიამ დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც ოპოზიციონერმა ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ ქიმერიძის საქმეზე მსჯელობა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს სთხოვა.
ლაშა თორდიას თქმით, სოლომონ ქიმერიძის საქმესთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი უახლოეს მომავალში გაეცემა.
"მოკვლევას სახალხო დამცველის აპარატიც ახორციელებს, ხოლო გენერალურ პროკურატურას გამოძიება აქვს დაწყებული. ამიტომ, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას, საქმის პოლიტიზებას ნუ მოახდენენ და გამოძიების შედეგებს დაველოდოთ", – განაცხადა თორდიამ.
შსს-ს განცხადებით, სოლომონ ქიმერიძე პოლიციის შენობის კიბის მოაჯირიდან ჩამოვარდა და 28 თებერვალს სიცოცხლესთან შეუთავსებადი ტრავმების გამო გარდაიცვალა.
