კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის“ წევრი ირაკლი მელაშვილი რამდენიმე დღის წინ მედიის საშუალებით გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც
მელაშვილად მოხსენებული პირი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ წარმომადგენელს გუბაზ სანიკიძეს ესაუბრება.
მელაშვილი გავრცელებულ მასალას ცრუ ინფორმაციას უწოდებს, რომელმაც მისი პატივისა და ღირსების შელახვა გამოიწვია.
მისივე თქმით, აღნიშნული მასალა მედიასაშუალებებმა აუდიტორიას როგორც უტყუარი ფაქტი, მტკიცებითი ფორმით, მისი გვარის და სახელის მოხსენიებით და ფოტოს გამოყენებით მიაწოდეს.
„მოგმართავთ ყველა მედია საშუალებას, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას მიაწოდა აღნიშნული მასალა, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება - ან წარმოადგინოთ მტკიცებულება ამ საუბარში ჩემი მონაწილეობის თაობაზე, ან გამოასწოროთ შეცდომა და იმავე დროს, იმავე ფორმატში, რომელშიც იქნა გაშუქებული აღნიშნული ჩანაწერი, მოსახლეობას მიაწოდოს ინფორმაცია, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ მე ვარ ამ ჩანაწერში
მოსაუბრე ერთ–ერთი პირი“-აცხადებს ის.
მელაშვილი ასევე განმარტავს, რომ უკანონო მოსმენებისა და მათი ტირაჟირების წინააღმდეგ ბრძოლა თავის მოვალეობად მიაჩნია. გარდა ამისა, კოალიცია „არჩევნის თვისუფლებისთვის“ წარმომადგენელს განზრახული აქვს იბძოლოს როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო სასამართლოში, რათა მისი პატივისა და ღირსების შემლახველებს
მნიშვნელოვანი სამართლებრივი და ფინანსური სანქციები დაეკისროს.
მედიაში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, რომელშიც ირაკლი მელაშვილად და გუბაზ სანიკიძედ მოხსენებული პირების პრივატული საუბრებია ასახული. ჩანაწერში „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია მოსაუბრეების მიერ საკმაოდ უხერხულ კონტექსტშია ნახსენები.
