პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განმუხურში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების სახელზე სპეციალურ მიმართვას ამზადებს.
დღეს, ბიუროს სხდომაზე ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული შეიარაღებული პირების მიერ სოფელ განმუხურთან, საქართველოს პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით ცეცხლის გახსნა, საფრთხეების მომატებაზე მიუთითებს.
,,2008 წლის საბრძოლო მოქმედებების შემდეგ, ეს იყო ღია შეტევითი ქმედების პირველი შემთხვევა. განხორციელდა თავდასხმა საქართველოს შეიარაღებული ძალების მისამართით. ტერიტორიას აკონტროლებს რუსეთის "ფსბ-ს" ჯარები და ეს აფხაზებს ვერ დაბრალდება. საგარეო კომიტეტმა უნდა მოახდინოს რეაგირება და საერთაშორისო პარტნიორებს მიმართოს, რათა რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლა მოხდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო დამკვირვებლების შესვლასთან დაკავშირებით", - განაცხადა დავითაიამ.
4 მარტს, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულმა შეიარაღებულმა პირებმა სოფელ განმუხურთან, საქართველოს პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
