საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის შეფასებით, საქართველო ახლა არჩევანის წინაშე დგას - დაბრუნდეს უკან თუ წინ წავიდეს.
როგორც მან „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეკრებაზე განაცხადა, საქართველოს მტერს სურს, რომ ქვეყანაში კანონიერი ქურდები, კორუმპირებული ჩინოვნიკები და კრიმინალები დაბრუნდნენ.
„მე და ჩემი გუნდი ვიძლევით გარანტიას, რომ საქართველოში კანონიერი ქურდები არასდროს დაბრუნდებიან. ჩვენ გავხდებით ყველაზე განათლებული ერი მსოფლიოში“ - აღნიშნა მან.
მერაბიშვილის თქმით, მისი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა უმუშევრობა ისევე დაამარცხოს, როგორც კორუფცია და კრიმინალი დაამარცხა; ჯანდაცვა გახდება ხელმისაწვდომი და ქართულ სოფელს ზრუნვა არ მოაკლდება; ყველა სოფელს ექნება გზა, გაზი, წყალი და უფასო ინტერნეტი.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ქართველებს, აფხაზებს, ოსებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს და მრავალეროვანი საქართველოს ყველა ეთნიკურ ჯგუფს, რომლებიც ერთად აშენებენ საქართველოს.
„სამ დღეში ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ საქართველოში მცხოვრები ერების ერთობლივ გამარჯვებას“ - განაცხადა პრემიერმა.
