საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ახლა საქართველოში ისე, როგორც არასდროს ერთიანობაა საჭირო.
როგორც მან ეროვნულ სტადიონზე „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეკრებაზე მხარდამჭერებს განუცხადა, საქართველოს მტერი ელოდება თუ როდის დაასუსტებენ ერთმანეთს ქართული საზოგადოების წარმომადგენლები.
„ჩვენ გვყავს მტერი, რომელიც გველოდება როდის დავასუსტებთ ქართველები ერთმანეთს, როდის დავჭამთ და საშუალებას მივცემთ მტერს, რომ გაიხაროს. ჩვენი ერთობა უნდა იყოს ისეთი, რომელიც ყველას მოგვიტანს ქვეყანას, სადაც ყველა ქართული ოჯახი უკეთესად იცხოვრებს“-განაცხადა ბაქრაძემ.
მისივე თქმით, ქართული საზოგადოების ერთობამ არ უნდა დააბრუნოს ის ადამიანები, რომლებიც მშვიდად იდებდნენ ჯიბეში კორუმპირებულ ფულს.
როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, საზოგადოება არ დაუშვებს ასეთი ადამიანების დაბრუნებას და წარსულის განმეორებას.
ეროვნულ სტადიონზე შეკრებილებს მუსიკოსმა ხატია ბუნიათიშვილმაც მიმართა.
