ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო შეკრებაზე მხრდამჭერებს თბილისის მერმა გიგი უგულავამ მიმართა.
როგორც მან განაცხადა, ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, რომლის გადაჭრასაც მრავალი წელი სჭირდება და აქტუალურია საკითხი - როგორ უნდა დასაქმდეს ხალხი.
უგულავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ შეძლებს და საქართველოში უმუშევრობას აღმოფხვრის.
უგულავამ ჯანდაცვასა და სოფლის მეურნეობაზეც გაამახვილა ყურადღება და შეკრებილებს პარტიის პრიორიტეტები გააცნო.
„ბოლო დროს გამოვლენილმა ძალადობის ფაქტებმა ყველა შეგვძრა. წარსული გამახსენდა, როცა ეს ხდებოდა ყველგან, ქუჩებში, სადარბაზოებში. თუმცა, ჩვენ მოვახერხეთ ეს აღმოგვეფხვრა, მაგრამ სადღაც რაღაც გამოგვეპარა. ჩვენ ეს სირცხვილი თუ სისტემური მარცხი უნდა ვაქციოთ შემობრუნებად“ - განაცხადა უგულავამ და დასძინა, რომ კომპრომატების ნიაღვარმა, რომელიც ბოლო დღეებში წამოვიდა, საზოგადოება დაღალა.
მისი თქმით, ქართველი ხალხი უნდა გამოვიდეს ნაჭუჭიდან და დაინახოს, რომ ორი საქართველო არ არსებობს - იგი ერთია და საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას წარსულის შემობრუნება.
