აშშ-ს ელჩი პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს
აშშ-ს ელჩი პოლიტიკურ პარტიებსა და კანდიდატებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს
15:56 28.09.2012
აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი ყველა პოლიტიკურ პარტიას და კანდიდატს სთხოვს, თავისი მოქმედებებითა და რიტორიკით ხელი შეუწყონ სიწყნარესა და სიმშვიდეს არჩევნების დღეს, რათა საქართველოს მოქალაქეებმა ხმის მიცემა მუქარისგან თავისუფალ გარემოში შეძლონ.

ამის შესახებ ნორლანდმა ზუგდიდში ისაუბრა, სადაც არჩევნებზე აკრედიტებული საერთაშორისო დამკვირებლის რანგში იმყოფებოდა.

ელჩი სამეგრელოში წინასაარჩევნო ვითარებასა და მედიაგარემოს გაეცნო.

მისივე თქმით, შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს საქართველოში.

„სამართლიანი არჩევნები განამტკიცებს ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს და ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“-მიიჩნევს ნორლანდი.

ამასთან, მისივე თქმით, შეერთებული შტატები მხარს არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან კანდიდატს, არამედ დემოკრატიულ პროცესს უჭერს.

ბეჭდვა