კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი თბილისელებს ხვალინდელ აქციაზე დასწრებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს შეკრება აქვს, თუმცა, მთელი საქართველოს მასშტაბით ისინი მხოლოდ 60 ათასი კაცის შეკრებას მოახერხებენ.
ივანიშვილის განცხადებით, კოალიციის აქცია ხვალ მხოლოდ თბილისისთვისაა და იქ ბევრად უფრო მეტი ადამიანი მივა.
„დღეს გამართეს ყრილობა, რადგან ზეგ უკვე ძალიან დაკნინდებოდა იმ არმიის ფონზე, რასაც ჩვენ ხვალ ველოდებით. დარწმუნებილი ვარ, მთელი თბილისი გამოვა. ჩვენ ხვალ ვიქნებით მინიმუმ 10-ჯერ მეტი და რეალურ დღესასწაულს იხილავთ“- განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, აქციაზე არ იქნება არავითარი საშიშროება, დაპირისპირება და მოწოდება. ივანიშვილის განმარტებით, აქცია ისეთივე იქნება, როგორც ყველა სხვა დემოსტრაცია, თუმცა, უფრო საზეიმო და კარგი ტექნიკური უზრუნველყოფით.
„კოლმეურნეობიდან მთელ რუსთაველზე განთავსებული იქნება ტელევიზორები. იქნება უფრო სახალისო და მეტი სიმღერა. სიტყვით გამომსვლელი მხოლოდ მე ვიქნები, შემაჯამებელ სიტყვას წარმოვთქვამ და ვაჩვენებთ, როგორ გავიარეთ მთელი ეს პროცესი. მოდით, რათა ვაჩვენოთ, სად არის რეალური ძალა“- განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ხვალინდელი აქცია ემოციური და სადღესასწაულო იქნება, რადგან ჭეშმარიტ გამარჯვებამდე საქართველოს მხოლოდ 2 დღე რჩება.
