კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კოალიციის გამარჯვებაში დარწმუნებულია.
როგორც მან ტელეხიდში „ხაზზეა საქართველო“ განაცხადა, ბოლო 2-3 თვის განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა ყველა დაარწმუნა და არავის ეჭვი არ შეაქვს „ქართული ოცნების“ გამარჯვებაში.
„მთელი საქართველო მოვიარეთ და კარგად ვიცით ხალხის განწყობა. მომართულია მთელი საქართველო და რამდენიმე დღეში გავიმარჯვებთ“- განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება არჩევნების გაყალბებას ვერ შეძლებს, რადგან ამისთვის კოალიციის მხრიდან სრული მზადყოფნა არსებობს.
„აბსოლუტურად მომზადებული ვართ ყველაფრისთვის. ასეთი ძლიერი ოპოზიცია საქართველოს ჯერ არ ჰყოლია. ვერაფერსაც ვერ გააყალბებენ და არავის მივცემთ ამის საშუალებას“ - აღნიშნა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ის რაც აქამდე ხდებოდა - დაჯარიმებები და გაყალბების მცდელობები, საერთაშორისო დამკვირვებლებს უკვე აღწერილი აქვთ.
მისივე განმარტებით, ხელისუფლებამ უკვე იმდენი რამ გააკეთა, რომ თავისი კრიტიკული ზღვარი შეავსო და არჩევნების გაყალბებას ვეღარ შეძლებს.
„ამას ვერ გააკეთებენ, ოღონდაც თქვენ მოდით არჩევნებზე და გააკეთეთ თქვენი არჩევანი“ - აღნიშნა მან.
