მესხიშვილის თეატრის მმართველმა გიორგი სიხარულიძემ ქუთაისის საკრებულო პროტესტის ნიშნად დატოვა
მესხიშვილის თეატრის მმართველმა გიორგი სიხარულიძემ ქუთაისის საკრებულო პროტესტის ნიშნად დატოვა
14:54 28.09.2012
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო თეატრის მმართველმა გიორგი სიხარულიძემ, რომელიც ამავე დროს საკრებულოს წევრია, დღეს დეპუტატის მანდატზე უარი თქვა.

სიხარულიძემ ამის შესახებ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ის არც ერთი პარტიის მხარდამჭერი არ ყოფილა და არც იქნება, თუმცა, იზიარებს კოალიცია „ქართული ოცნების“ პოზიციას აფხაზეთთან და ზოგადად ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში.

როგორც სიხარულიძემ განაცხადა, გუშინ მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ მერიის წარმომადგენლები და მას სთხოვეს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა საჯაროდ დაეფიქსირებინა, რაზეც სიხარულიძემ უარი განაცხადა და გაემიჯნა პოლიტიკურ ცხოვრებას.

ამ დრომდე ის ინარჩუნებს თეატრის მმართველის თანამდებობას.

მესხიშვილის თეატრში არეულობა წუხელ დაიწყო, როდესაც ახალი სეზონი „ბამბაზიის სამოთხით“ უნდა გახსნილიყო. როგორც თეატრის მსახიობები აცხადებენ, ხელისუფლებამ სპექტაკლი განზრახ ჩაშალა, რადგან მათთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ სპექტაკლზე დასის მხრიდან პოლიტიკური განცხადებები და მიმართვები უნდა გაკეთებულიყო.

ბეჭდვა