მინდია გულუა ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობაში ადანაშაულებს როგორც ოპოზიციას ისე ხელისუფლებას
მინდია გულუა ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობაში  ადანაშაულებს როგორც ოპოზიციას ისე ხელისუფლებას
14:36 28.09.2012
პარტია „განახლებული საქართველოსთვის“ მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში, რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი მინდია გულუა ქურდულ სამყაროსთან ურთიერთობაში როგორც „ქართულ ოცნებას“ ისე ხელისუფლებას ადანაშაულებს.

ამის შესახებ გულუამ ჟურნალისტებს სკაიპ-კონფერენციისას განუცხადა.

მისი მტკიცებით, საფრანგეთის ქალაქ კანში ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის სიის პირველი ნომერი ე.წ „კანონიერ ქურდებს“ შეხვდა, სადაც საუბარი პოლიტიკიდან მინდია გულუას ჩამოშორებასაც შეეხო.

გულუამ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის კახი კალაძის ფოტო უჩვენა და განუმარტა, რომ საუბარი სწორედ მას ეხება.

გულუა ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ გულუას არ მისცემოდა საშუალება ისეთი განცხადებების გაკეთების, რომელიც კონკრეტულ ოპოზიციურ ძალას შეუშლიდა ხელს.

ბიზნესმენის თქმით, კანში გამართული შეხვედრა საბერძნეთის ციხეში მყოფ ქართველ კანონიერ ქურდს ლაშა შუშანაშვილს უკავშირდება, რომელიც მისი თქმით, პროცესებს რუსეთში მცხოვრები ქურდის „ძედ ჰასანის“ მეშვეობით მართავს.

ამასთან, გულუა აცხადებს, რომ მისთვის უცნობია დაავალა თუ არა უშუალოდ „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ვინმეს, მათ შორის კახი კალაძეს, ქურდების მეშვეობით მასზე ზეწოლა.

გარდა ამისა, „განახლებული საქართველოსთვის“ მრჩეველი განმარტავს, რომ ქურდულ სამყაროსთან ოპოზიციის კავშირის შესახებ, ხელისუფლების მიერ გავრცელებული მასალა წინასაარჩევნო სპეკულაციაა, ვინაიდან ქურდებთან კარგი ურთიერთობებით თვითონ ხელისუფლების წარმომადგენლებიც გამოირჩევიან.

კონკრეტულად გულუას მტკიცებით, როგორც შუშანაშვილი, ისე „ძედ ჰასანი“, ხელისუფლებამ თავისი მაღალჩინოსნის გივი თარგამაძის მეშვეობით არაერთხელ გამოიყენა.

გულუას განმარტებით, მას შემდეგ რაც პოლიტიკიდან ჩამოშორების მოთხოვნით მასზე ზეწოლა დაიწყო, მან საქმის კურსში კომპეტენტური ორგანოებიც ჩააყენა, ამასთან, პირადი დაცვა გაასამმაგა.


ბეჭდვა