ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისია მიიჩნევს, რომ გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმრების მიმართ
სასტიკი მოპყრობის ფაქტები საარჩევნო კამპანიას არ უკავშირდება.
როგორც მისიის შუალედურ ანგარიშშია აღნიშნული, სადამკვირვებლო მისია გააგრძელებს ამ მოვლენებზე დაკვირვებას.
„მისია ძირითად ყურადღებას გაამახვილებს საარჩევნო პერიოდის დარჩენილ ნაწილზე ამ მოვლენების პოტენციურ ზეგავლენასა და ხელისუფლების და არჩევნებში მონაწილე ძირითადი მოთამაშეების პოლიტიკურ რეაქციაზე ადამიანის უფლებების იმ დარღვევების მიმართ, რომლებიც ამ კადრებშია ნაჩვენები“ - აღნიშნულია ანგარიშში.
ODIHR ხაზს უსვამს, რომ 18 სექტემბერს საღამოს ტელევიზიით გასული ვიდეომასალის შემდეგ, თბილისში, ქუთაისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა და პოლიცია ამ გამოსვლების მიმდინარეობაში არ ჩარეულა.
