„ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ აქციას ხვალ თავისუფლების მოედანზე გამართავს
„ქართული ოცნება“ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელ აქციას ხვალ თავისუფლების მოედანზე გამართავს
13:28 28.09.2012
საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის დასკვნითი აქცია ხვალ, თავისუფლების მოედანზე გაიმართება.

როგორც „ნიუსპრესს“ „ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, აქცია თავისუფლების მოედანზე 16:00 საათზე დაიწყება.

მისი თქმით, აქციის მიმართულებით მსვლელობა 14:00 საათზე ოთხი წერტილიდან - ვაკის პარკიდან, სპორტის სასახლიდან, „დინამოს“ სტადიონიდან და მეტრო „ავლაბრის“ ტერიტორიიდან დაიწყება.

ფანჯიკიძის განცხადებით, მსვლელობებს „ქართული ოცნების“ ლიდერები და რაიონების მიხედვით გადანაწილებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უხელმძღვანელებენ.

„აქციის სცენარს არ გაგიმხელთ, მაგრამ სიტყვით ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად გამოვა. არ მითხრათ თითქოს არსებობს ვარაუდი, რომ აქციაზე ისეთი ვიღაც გამოვა აქამდე მკვდარი რომ ეგონათო?! - საიდან გაჩნდა ეს აზრი ძალიან მაინტერესებს, რადგან მსგავსი არავის არაფერი უთქვამს“ - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, აქციის მიმართ მოლოდინი ისეთივეა, როგორიც აქამდე იყო - რომ აქცია ძალიან ხალხმრავალი, ძალიან მშვიდობიანი და ძალიან საინტერესო იქნება.

ფანჯიკიძის განცხადებით, აქციის მოსამზადებელი სამუშაოები დღეს, გვიან ღამით დაიწყება, რომლის დროსაც სცენა და გახმოვანების აპარატურა დამონტაჟდება.

ბეჭდვა