ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისია მეორე შუალედურ ანგარიშში აცხადებს,
რომ საარჩევნო კამპანია კიდევ უფრო პოლარიზებული გახდა, ძირითადი ორი კონკურენტის საარჩევნო კამპანია კონფრონტაციული და ხისტია.
მისიის მიერ გამოქვეყნებული შუალედური ანგარიში მოიცავს 6-დან 19 სექტემბრამდე პერიოდს.
დამკვირვებლების შეფასებით, ძირითადი კონკურენცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი - ქართულ ოცნებას“ შორის მიმდინარეობს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ ჩივის არათანასწორი პირობებისა და ოპოზიციური შეხედულებების მიმართ შეუმჩნეველი ზეწოლისა და დაშინების გარემოს შესახებ.
როგორც დამკვირვებლები აცხადებენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოებრივ ტრანსპორტად გამოყენებულ კერძო ავტობუსებსა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ბილბორდებზე სარეკლამო სივრცის გამოყენების მხრივ კვლავ დომინანტური პოზიცია უკავია.
ამასთანავე, საზოგადოებრივი სივრცის საარჩევნო პოსტერებისთვის გამოყოფასთან დაკავშირებული პროცედურები ყველგან არ ხორციელდება.
ODIHR–ს მისიამ დააფიქსირა შემთხვევები, როდესაც საჯარო ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და მასწავლებლებს „ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებდნენ.
