საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ქუთაისის მთავრობის სახლში უნგრელ კოლეგას ვიქტორ ორბანს შეხვდა.
მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერი საქართველოს ეკონომიკის განვითარების ტემპებით, მისი ძირითადი მიმართულებებით, კერძოდ, საბანკო-საფინანსო სექტორით დაინტერესდა.
პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის, ვაჭრობისა და ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
უნგრულმა მხარემ საქართველოს სოფლის მეურნეობაში ინვესტიციების ჩადებით დაინტერესება გამოთქვა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის პრემიერ–მინისტრის თანდასწრებით საქართველოსა და უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა ქუთაისში რესტავრირებული ბაგრატის ტაძარი ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ კალისტრატესთან ერთად დაათვალიერეს.
