ცესკოს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი.
კომისიის პრესსამსახურის ცნობით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული კოდექსი ქცევის ოთხ ძირითად ნორმას - კანონის პატივისცემას; სამართლიანობას, მიუკერძოებლობას, დამოუკიდებლობას; გამჭვირვალეობასა და პროფესიონალიზმს აერთიანებს.
ეთიკის კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისიების წევრები ვალდებული არიან უზრუნველყონ საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული განხორციელება, ფუნქციების შესრულებისას იყვნენ დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები. ასევე, უზრუნველყონ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირთათვის თანაბარი და სამართლიანი გარემოს შექმნა.
გარდა ამისა, მათ საარჩევნო პერიოდში თავი უნდა აარიდონ ადგილობრივი თუ სახელმწიფო ხელისუფლების თანამდებობის პირებთან პირადი ხასიათის შეხვედრებსა და ვიზიტებს.
ცესკო-ს განცხადებით, ეთიკის კოდექსი არჩევნების დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებისა და ამომრჩეველთა მხრიდან ნდობის ამაღლების მიზნით შემუშავდა.
