ლონდონში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი, ტელეკომპანია „მზის“ დამფუძნებელი ვანო ჩხარტიშვილი სოციალურ ქსელებში დღეს გავრცელებულ კადრებს ეხმაურება, რომლებშიც
პრეზიდენტ სააკაშვილისა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის, „იმედი“-ს და „მზის“ მფლობელების შეხვედრაა ასახული.
როგორც ჩხარტიშვილი დღეს გავრცელებულ საგანგებო განცხადებაში აღნიშნავს, გავრცელებული კადრები თვალნათელი დასტურია იმისა, რომ დამოუკიდებელი მედია ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა.
„ვადასტურებ, რომ კადრებში ასახული შეხვედრა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით 2003 წლის მიწურულს შედგა. ის ჯერ კიდევ არ იყო პრეზიდენტი, მაგრამ უკვე ნათლად ჰქონდა ჩამოყალიბებული დამოუკიდებელი მედიის განადგურების გეგმა. ეს კარგად ჩანს აღნიშნულ კადრებში“ - წერს ჩხარტიშვილი განცხადებაში.
მისივე თქმით, ხელისუფლების ზეწოლა დღითიდღე გაძლიერდა და პიკს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ მიაღწია.
„ჟვანიას გაურკვეველ ვითარებაში დაღუპვის შესახებ ტელეკომპანია „მზის“ ჟურნალისტების მიერ დასმულმა კითხვებმა ხელისუფლება წყობიდან გამოიყვანა და არნახული ზეწოლის გამო მე იძულებული გავხდი ტელეკომპანია „მზე“ სააკაშვილის მიერ შემოთავაზებულ სუბიექტზე გადამეფორმებინა. წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იყო, რადგან რეალური სასიცოცხლო საფრთხის წინაშე დავდექი არა მარტო მე, არამედ ჩემი ოჯახის წევრები, ბიზნეს-პარტნიორები და ბიზნეს-სტრუქტურების ასობით თანამშრომელი“ - აღნიშნულია განცხადებაში.
ჩხარტიშვილი ასევე დასძენს, რომ ტელეკომპანია „მზის“ მითვისებაში მიხეილ სააკაშვილთან ერთად თბილისის ამჟამინდელი მერი გიგი უგულავა და პარლამენტარი დავით ბეჟუაშვილი მონაწილეობდნენ.
ბიზნესმენი აცხადებს, რომ არ იცის, რას ემსახურება წინასაარჩევნოდ აღნიშნული ჩანაწერების გავრცელება, მაგრამ დარწმუნებულია, რომ ღირსების აღსადენად 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შესაფერისი დროა. ჩხარტიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ქვეყანას ხალხის ნების გამომხატველი ხელისუფლება ეყოლება და თავისუფალი მედია ქართული დემოკრატიის მთავარი ინსტრუმენტი გახდება.
სოციალურ ქსელში დღეს დილიდან რამდენიმე ფარული ვიდეოჩანაწერი გავრცელდა. ერთ-ერთში ასახულია, ბადრი პატარკაციშვილის, მიხეილ სააკაშვილის, ზურაბ ჟვანიას, ეროსი კიწმარიშვილის და ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრა. მეორე ვიდეოჩანაწარი კი, პატარკაციშვილის, ვანო მერაბიშვილისა და ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრას ეხება.
