ეკა ბესელიას განცხადებით, სააკაშვილმა ფარულ მოსმენებზე პასუხი უნდა აგოს
ეკა ბესელიას განცხადებით, სააკაშვილმა ფარულ მოსმენებზე პასუხი უნდა აგოს
17:28 27.09.2012
ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ კოალიციის წევრებს პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით უსმენდნენ.

როგორც ბესელიამ „ნიუსპრესს“ განუცხადა, დღეს გამოქვეყნებული ფარული აუდიო ჩანაწერებით სააკაშვილი აღიარებს, რომ არღვევს ქვეყნის კონსტიტუციას და ევროპის კონვენციას, რომელიც მოქალაქეების მოსმენებს და თვალთვალს კრძალავს.

„კეთილი უნდა ინებონ და განმარტონ, რის საფუძველზე ახორციელებენ ამ ჩანაწერების გაკეთებას და შემდეგ ამის ფაბრიკაციას, რომელმა მოსამართლემ გასცა მოსმენების ბრძანება. ქვეყნის პირველმა პირმა, რომელიც ღიად ამბობს, რომ არღვევს კონსტიტუციას და ევროპის კონვენციას, პასუხი უნდა აგოს. ჩანაწერების შინაარსობრივ მხარეს არ ვეხები, იმიტომ, რომ ყველაფრის გაყალბება და ფაბრიკაციაა შესაძლებელი. აქ მთავარია მოსმენების ფაქტი“ - განმარტა ბესელიამ.

ამასთან, კოალიციის მაჟორიტარი კანდიდატი გამორიცხავს, რომ მოსმენები ბიძინა ივანიშვილის დავალებით ხორციელდებოდა.

დღეს გამოქვეყნებულ ფარულ აუდიოჩანაწერებში ეკა ბესელია კოალიციის ადვოკატ ზაქარია ქუცნაშვილზე საუბრობს და მას შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებს. ფოთის მაჟორიტარი კანდიდატი აცხადებს, რომ ქუცნაშვილს ივანიშვილი „ვირეშმაკას“ უწოდებს.


ბეჭდვა