კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ფარულ აუდიოჩანაწერებს, რომლებიც დღეს გავრცელდა, ფაბრიკაციას უწოდებს.
მისი თქმით, აღნიშნული ფაბრიკაციის ერთადერთი მიზანი არის ის, რომ ხელისუფლებამ როგორღაც გადაფაროს ის კრიმინალი, რაც ქართულ ციხეებში ხდებოდა.
ივანიშვილის თქმით, ის სისტემური წამება, რაც ქართულ ციხეებში ხდებოდა, მთელმა მსოფლიომ ნახა და ეს არცერთ ქვეყანაში არ ხდება.
„ახლა ხელისუფლების მცდელობაა ნებისმიერი მდარე ინფორმაცია გადმოყაროს და კომპრომატები დაახვავოს, რაც საინტერესო არ არის და მხოლოდ ზოგიერთ ტელევიზიას უხარია. ერთადერთი მიზანია გადაფარონ ის, რაც ციხეებში ხდებოდა, რადგან ეს ის ფაქტებია, რომლებიც არავის ეჭვქვეშ არ დაუყენებია“ - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ კრიმინალმა, რასაც სააკაშვილი ციხეებში ახორციელებდა, მთელ ქვეყანას სახელი შეულახა.
ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფარული აუდიოჩანაწერები, რომლებშიც კოალიციის ლიდერები ერთმანეთს ლანძღავენ და უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებენ. ჩანაწერებში ირაკლი ღარიბაშვილი, გია ხუხაშვილი, ირაკლი ალასანია, ეკა ბესელია და სხვები საუბრობენ.
