„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაპირისპირებას უარყოფენ
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაპირისპირებას უარყოფენ
16:03 27.09.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ვახტანგ ხმალაძე და ზაზა პაპუაშვილი „ქართულ ოცნებაში“ დაპირისპირებას გამორიცხავენ.

როგორც დიდუბის მაჟირატარი დეპუტატობის კანდიდატმა ვახტანგ ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის კოალიციაში განხეთქილებას ვერ ხედავს, ხოლო ფარული ჩანაწერების შესახებ, პირველად გაიგო.

„მე ეს ჩანაწერი არ მინახავს და მომისმენია. ამიტომ, ნამდვილად ვერ შევაფასებ. მით უფრო, რომ არსებობს მაგალითები იმიტირებული „ქრონიკებისა“ სხვადასხვა სცენარების გათამაშებით. ეჭვი მეპარება ივანიშვილს ვინმესთვის დაევალებინა კოალიციის წევრების თვალთვალი“ - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ და დასძინა, რომ თუ ბიძინა ივანიშვილმა ასეთი რამ ვინმეს მართლაც დაავალა, ეს გარკვეული უნდობლობის გამოხატულება იქნებოდა.

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, „ქართულ ოცნებას“ დღეს ვინმეს მოსყიდვა არ სჭირდება.

ფარულ ჩანაწერებს უნდობლობას უცხადებს მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა პაპუაშვილიც.

მისი თქმით, ხელისუფლებას სურს,ის სიბინძურე, რაც მთელმა საქართველომ იხილა, გადაიფაროს.

„მათ კვალიფიკაცია დაკარგეს, კარგად ვეღარ ახმოვანებენ, ვეღარც სიუჟეტებს იგონებენ, საშინელი უგემოვნობა და ქაჯობაა, უმწეობაა ასე თავის დაცვა. დაპირისპირება მათ თავის რიგებში მოიკითხონ“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრმა ბესო სურმავამ დღეს აუდიო ჩანაწერები გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ჩანაწერში ირაკლი ღარიბაშვილი თინა ხიდაშელის შესახებ უცენზურო სიტყვებით საუბრობს. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ თინა ხიდაშელი ინტრიგებს ხლართავს.


ბეჭდვა