ივანიშვილის დაცვის წევრი „ქართული ოცნების“ ლიდერებზე აუდიოჩანაწერებს აქვეყნებს
ივანიშვილის დაცვის წევრი „ქართული ოცნების“ ლიდერებზე აუდიოჩანაწერებს აქვეყნებს
15:38 27.09.2012
საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი ბესო სურმავა აუდიო ჩანაწერებს აქვეყნებს.

ბესო სურმავა, რომელიც მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრია, საკუთარ მიმართვას ინტერნეტსივრცეში ავრცელებს და აცხადებს, რომ საზოგადოებამ კოალიციის შესახებ სიმართლე უნდა იცოდეს.

სურმავას განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურს პირადად ივანიშვილისგან ჰქონდა დავალებული კოალიციის ლიდერების საუბრებისთვის თვალყური ედევნებინა და აუდიოჩანაწერები გაეკეთებინა, რაზეც მას ხელი მიუწვდებოდა.

აღნიშნული აუდიო ჩანაწერები youtube.com-ზე გავრცელდა და სატელევიზო ეთერითაც გადაიცა.

აუდიო ჩანაწერებში „ქართული ოცნების“ ლიდერები გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, გია ხუხაშვილი, ეკა ბესელია და ირაკლი ალასანია საუბრობენ.

ერთ-ერთ ჩანაწერში ირაკლი ღარიბაშვილი თინა ხიდაშელის შესახებ უცენზურო სიტყვებით საუბრობს. ღარიბაშვილი აცხადებს, რომ თინა ხიდაშელი ინტრიგებს ხლართავს.

„პრობლემა რა არის იცი? - ხიდაშელს რომ ჩავაბარე მთელი საგარეო პოლიტიკა და პიარი. არც საგარეო პოლიტიკა იცის, არც პიარი, საერთოდ არაფერი იცის. მისი კოალიციაში მოყვანა შეცდომა იყო“ - აცხადებს ღარიბაშვილი აუდიოჩანაწერში.

ღარიბაშვილი ასევე, ირონიით ამბობს, რომ არ აინტერესებს, თუ ხიდაშელს ამ ჩანაწერს მიუტანენ. ამასთან, სხვა ჩანაწერებში კოალიციის ლიდერები, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლებზე, მის ოჯახსა და პოლიტიკაზე ნეგატიურად საუბრობენ.


იხილეთ ჩანაწერები
ბეჭდვა