ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, დღეს ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულმა ფარულმა ჩანაწერებმა, რომლებშიც ხელისუფლების
მაღალჩინოსნებისა და აწგარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის შეხვედრებია ასახული, ხელისუფლების ნამდვილი სახე გამოავლინა.
როგორც ხუხაშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ჩანაწერებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ხელისუფლებისთვის სახელმწიფო ინტერესები მნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა და მისთვის მთავარი ბიზნესწილების გაყოფა იყო.
„მათთვის მთავარი ყოველთვის იყო ძალაუფლება, როგორც ბიზნესი, რომელსაც მოაქვს დიდი ფული და საკუთარი მნიშვნელოვნობის შეგრძნება“ - განაცხადა ხუხაშვილმა.
მანვე სკანდალური უწოდა ჩანაწერის იმ ნაწილს, სადაც დედაქალის მერი გიგი უგულავა და პატარკაციშვილს ესაუბრება.
ხუხაშვილის განმარტებით, ჩანაწერში ჩანს, რომ „გიგი უგულავა პატარკაციშვილს ემუქრება რუსეთის ინტერესების გამტარებლის იარლიყის მიწებებით“.
„ამის შემდეგ ხელისუფლებამ დაიწყო შეთქმულების თეორიების შეთხზვა, პატარკაციშვილის რუსულ ინტერსებზე და მის მფლობელობაში მყოფი ტელეკომპანია „იმედი“ დაარბია“ - განაცხადა ხუხაშვილმა.
იგი ხელისუფლებისა და ბიზნესმენის დაპირისპირების თავდაპირველ მიზეზებსაც შეეხო. როგორც მან განმარტა, ხელისუფლება პატარკაციშვილისგან მოითხოვდა, შექმნილიყო ჰოლდინგი, რომელშიც შევიდოდა „საქართველოს რკინიგზა“. ბიზნესმენს კი, მასში თავისი აქციები და ტელეკომპანია „იმედი“ უნდა ჩაედო. ხელისუფლების მოთხოვნის თანახმად, ჰოლდინგი ერთობლივად უნდა ემართათ, რაზეც პატარკაციშვილმა უარი განაცხადა.
ხუხაშვილი ამტკიცებს, რომ ბიზნესმენსა და ხელისუფლებას შორის „შავმა კატამ“ სწორედ მაშინ გაირბინა და პატარკაციშვილის პოლიტიკაში ჩართვის ერთადერთი მიზეზი სწორედ ეს გახდა.
რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას შეიძლება თუ არა ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება ხელისუფლების რომელიმე მაღალჩინოსნის ინტერესებში შედიოდეს, ხუხაშვილი პასუხობს, რომ ამას არ გამორიცხავს.
მისი თქმით, შესაძლოა, „ვიღაცეები“ თავის გადარჩენას ცდილობენ, თუმცა, მათ პოლიტიკურ დევნას არც არავინ აპირებს.
„თუ ვინმეს სისხლის სამართლებრივი დანაშაული ჩადენილი არ აქვს, მის პოლიტიკურ დევნას არავინ დაიწყებს, მაგრამ თუ ის დამნაშავეა, კომპრომატების გამოქვეყნებით თავს ვერ უშველის“ - აღნიშნა ხუხაშვილმა.
ახალ ფარულ ვიდეოჩანაწერებში, რომლებიც სოციალურ ქსელებში დღეს დილიდან გავრცელდა, აწგარდაცვლილი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი ფიგურირებს.
სულ, ოთხი ვიდეოჩანაწერია გავრცელებული, რომელთაგან ერთ-ერთზე თბილისის მერის გიგი უგალავასა და ბადრი პატარკაციშვილის საუბარია გადაღებული.
ჩანაწერის ერთ ნაწილში უგულავა ამბობს, რომ იკვეთება რუსეთის ფუნქციები და აქტიურობები და აღნიშნავს - „სამწუხაროა, რომ ჩვენს შორისაც არის შავი კატა, რომელიც გადაულახავ წინააღმდეგობად იქცა. ჩვენი პოზიციები დაშორდა. ეს ხაზი გაევლო. ჩვენ აქეთ ვართ და თქვენ იქით აღმოჩნდით“ - ეუბნება იგი პატარკაციშვილს.
პატარკაციშვილი კი, აღნიშნავს, რომ მისთვის ეს მესიჯები გასაგებია, მაგრამ აფიქსირებს, რომ ეს არის „აზრი და არა ფაქტი“.
„ჩემი მხრიდან, ამ ხნის განმავლობაში არასდროს ყოფილა არცერთი არაადეკვატური ნაბიჯი. 9 თვეა გაჩუმებული ვარ, ხმა არ ამომიღია, ამას იმაში თვლით, რომ მე რაღაცეების უკან ვდგავარ და ამას ჩუმად ვაკეთებ? თუ თვლით, რომ ჩემი ნაბიჯები არასწორი და არაადეკვატურია, მაშინ გამოვალ და ჩემს სწორ პოზიციას დავაფიქსირებ. უბრალოდ მიმაჩნდა, რომ ალბათ, ჩემი სწორი პოზიცია მტრებს გაახარებს. ამიტომ, 9 თვეა ჩუმად ვარ და გავერიდე ყველაფერს“ - ამბობს პატარკაციშვილი ჩანაწერში.
მეორე ვიდეოზე გადაღებულია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, აწგარდაცვლილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას, ასევე, „რუსთავის 2“-ის ყოფილი ხელმძღვანელის ეროსი კიწმარიშვილის, ბადრი პატარკაციშვილის და ვანო ჩხარტიშვილის საუბარი სუფრასთან. ჩანაწერის გარკვეულ ნაწილში საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან „იმედში“ თანამშრომლების გადასვლაზე.
კიდევ გავრცელებულია ორი ფარული ჩანაწერი, მათგან ერთზე პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის, პატარკაციშვილის და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის საუბარია.
