ახალ ფარულ ვიდეოჩანაწერებში, რომლებიც სოციალურ ქსელებში დღეს დილიდან გავრცელდა, აწ გარდაცვლილი ბიზნესმენი ბადრი პატარკაციშვილი ფიგურირებს.
სულ, ოთხი ვიდეოჩანაწერია გავრცელებული, რომელთაგან ერთ-ერთზე თბილისის მერის გიგი უგალავასა და ბადრი პატარკაციშვილის საუბარია გადაღებული.
ჩანაწერის ერთ ნაწილში უგულავა ამბობს, რომ იკვეთება რუსეთის ფუნქციები და აქტიურობები და აღნიშნავს - „სამწუხაროა, რომ ჩვენს შორისაც არის შავი კატა, რომელიც გადაულახავ წინააღმდეგობად იქცა. ჩვენი პოზიციები დაშორდა. ეს ხაზი გაევლო. ჩვენ აქეთ ვართ და თქვენ იქით აღმოჩნდით“ - ეუბნება იგი პატარკაციშვილს.
პატარკაციშვილი კი, აღნიშნავს, რომ მისთვის ეს მესიჯები გასაგებია, მაგრამ აფიქსირებს, რომ ეს არის „აზრი და არა ფაქტი“.
„ჩემი მხრიდან, ამ ხნის განმავლობაში არასდროს ყოფილა არცერთი არაადეკვატური ნაბიჯი. 9 თვეა გაჩუმებული ვარ, ხმა არ ამომიღია, ამას იმაში თვლით, რომ მე რაღაცეების უკან ვდგავარ და ამას ჩუმად ვაკეთებ? თუ თვლით, რომ ჩემი ნაბიჯები არასწორი და არაადეკვატურია, მაშინ გამოვალ და ჩემს სწორ პოზიციას დავაფიქსირებ. უბრალოდ მიმაჩნდა, რომ ალბათ, ჩემი სწორი პოზიცია მტრებს გაახარებს. ამიტომ, 9 თვეა ჩუმად ვარ და გავერიდე ყველაფერს“ - ამბობს პატარკაციშვილი ჩანაწერში.
მისი თქმით, მას არასდროს პრობლემები არავისთან არ ჰქონია და თუ რამეში შესაძლებელი იყო იგი „დაჩაგრეს და გადააგდეს“.
„მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ვცდილობდი რეალურად ვყოფილიყავი ის ადამიანი, რომელიც გვერდით იქნებოდა და ვინც გააკეთებდა ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს. თუ ეს თქვენ ასე გესმით, ეს თქვენი საქმეა“ - ეუბნება პატარკაციშვილი უგულავას.
მეორე ვიდეოზე გადაღებულია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, აწგარდაცვლილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას, ასევე, „რუსთავის 2“-ის ყოფილი ხელმძღვანელის ეროსი კიწმარიშვილის, ბადრი პატარკაციშვილის და ვანო ჩხარტიშვილის საუბარი სუფრასთან. ჩანაწერის გარკვეულ ნაწილში საუბარია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან „იმედში“ თანამშრომლების გადასვლაზე.
კიდევ გავრცელებულია ორი ფარული ჩანაწერი, მათგან ერთზე პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის, პატარკაციშვილის და ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის საუბარია.
უცნობია კონკრეტულად რომელ წელსაა ვიდეოები ჩაწერილი და ვინ გაავრცელა ისინი. ამასთან, ჩანაწერებში საუბრის უმეტესი ნაწილი დაბალი ხარისხისაა და მისი სრულად და სწორად გაგება არ არის შესაძლებელი.
გიგი უგულავასა და ბადრი პატარკაციშვილის შეხვედრის ჩანაწერი
პატარკაციშვილის, სააკაშვილის, ჟვანიას, კიწმარიშვილისა და ჩხარტიშვილის შეხვედრის ჩანაწერი
პატარკაციშვილის, მერაბიშვილისა და ჩხარტიშვილის შეხვედრის ჩანაწერი
