ვიქტორ ორბანი მოხარულია, რომ უნგრეთმა საქართველოს წარმატებაში წვლილი შეიტანა
ვიქტორ ორბანი მოხარულია, რომ უნგრეთმა საქართველოს წარმატებაში წვლილი შეიტანა
13:04 27.09.2012
საქართველოში ვიზიტით მყოფი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მოხარულია, რომ უნგრელებს საქართველოს წარმატებაში წვლილის შეტანის საშუალება მიეცათ.

ამის შესახებ ორბანმა ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის გახნის ცერემონიაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქუთაისის აეროპორტის მშენებლობაში 5 უნგრული კომპანია მონაწილეობდა.

„ჩვენ ვხედავთ თანამშრომლობას და მეგობრობას ხალხს შორის. ვამაყობ, რომ საშუალება გვქონდა, მონაწილეობა მიგვეღო იმ ქვეყნის წარმატებაში, რომელიც ძალისხმევას არ იშურებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. შეგიძლიათ, ჩვენი დახმარების იმედი გქონდეთ ამ გრძელ გზაზე“ - განაცხადა ორბანმა.

მისივე თქმით, დღევანდელ მსოფლიოში, როდესაც ქვეყნები კრიზისის დაძლევის გზებს ეძებენ, საერთაშორისო აეროპორტის გახსნა ამტკიცებს, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც სწორი კურსი აიღეს.

„ამ კუთხით საქართველოს პოლიტიკა ჩვენთვის ღირებულია“-აღნიშნა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ვიქტორ ორბანმა პირობა დადო, რომ საქართველოსა და უნგრეთის ეკონომიკური თანამშრომლობა მომავალშიც შენარჩუნდება. ამასთან, მისივე განცხადებით, რთული პოლიტიკური სიტუაციის დროს საქრთველოს შეუძლია უნგრეთის იმედი ჰქონდეს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დღეს გაიხსნა. პირველ რეისი უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა კომპანია „ვიზ ეარმა“ შეასრულა, რომლის პირველი მგზავრი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია იყო.


ბეჭდვა