საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა.
ვანო მერაბიშვილი მემორიალთან შეკრებილ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს შეხვდა. პრემიერმა მათ სიტყვით მიმართა და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო დღესაც არჩევანის წინაშე დგას და ეს არჩევანი სერიოზულია, რადგან საქართველოში პოლიტიკაში ჯერ კიდევ არ არის კონსენსუსი.
მისი თქმით, საქართველოში ჯერ კიდევ არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ქვეყანაში კანონიერი ქურდების დაბრუნებას აპირებენ. ასევე, ადამიანები, რომლებსაც სურთ „მხედრიონის“ მსავსი დაჯგუფებები აღადგინონ.
„საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც ერთ სიტყვას არ ამბობენ ოკუპანტზე. მათი სურვილია ხელისუფლებაში მოვიდნენ და იმ ადამიანების ხსოვნა შებღალონ, რომლებმაც თავი საქართველოს დამოუკიდებლობას შესწირეს; გათელონ ყველა ის მიღწევა, რაც გვაქვს და საქართველო რუსეთის ღარიბ იმპერიად აქციონ“ - განაცხადა მერაბიშვილმა.
მისი თქმით, ის ადამიანი ვისაც ჰგონია, რომ რუსეთთან დამეგობრება საქართველოს სიკეთეს მოუტანს, ძალიან ცდება, რადგან რუსეთთან შეერთებული საქართველო რუსეთის ღარიბი გუბერნია იქნება.
ამასთან, მერაბიშვლი ამაყობს იმით, რომ მას ქუჩაში თავისი შვილის თავისუფლად გაშვება შეუძლია.
„ძალიან ვამაყობ, რომ საქართველოს არცერთ პოლიციელს აზრად არ მოუვა მოქალაქეებს ქრთამი გამოართვას. მე რა თქმა უნდა გული მეტკინა, როცა ის კადრები ვნახე თუ როგორ აწამებენ ჯალათები ციხეში პატიმრებს, რადგან ეს ჩემი პირადი შეურაცხყოფა იყო“ - აღნიშნა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, ის 7 წელიწადი აშენებდა შუშის გამჭვირვალე შენობებს და მისი ნამუშევარი ვიღაცის თვალში წყალში ჩაიყარა.
მერაბიშვილის თქმით, ის ფაქტი, რომ საზოგადოება და ხელისუფლება აღნიშნულ ვითარებას ამგვარად გამოეხმაურა, ნიშნავს, რომ საქართველო წინ წავიდა.
სოხუმის დაცემიდან დღეს 19 წელი სრულდება. საქართველოს ბრძოლა ტერიტორიული მთლიანობისთვის 13 თვისა და 13 დღიანი ბრძოლის შემდეგ, სოხუმის დაცემით დასრულდა.
ომმა აფხაზეთში 15 ათასამდე ქართველის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 250 ათასი ადამიანი დევნილად იქცა.
