საქართველოს პრეზიდენტმა დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიღო.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი, რის შემდეგაც მხარეებმა სამთავრობო დელეგაციები წარუდგინეს ერთმანეთს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ მიხეილ სააკაშვილისა და ვიქტორ ორბანის პირისპირ შეხვედრა გაიმართა.
სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ მიხეილ სააკაშვილის გვერდზე აღნიშნულია, რომ უნგრეთის პრემიერმა სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და განსაკუთრებით აღნიშნა ის დემოკრატიული რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ბოლო წლებში განხორციელდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი.
