საქართველოს პრეზიდენტმა გორში დღეს იუსტიციის ახალი სახლი გახსნა, რომელიც 300-ზე მეტ მომსახურებას ერთ სივრცეში აერთიანებს.
სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ მიხეილ სააკაშვილის გვერდზე აღნიშნულია, რომ პრეზიდენტმა გორში განახლებული ძველი უბანიც დაათვალიერა, რომლის რეკონსტრუქციაც გორის რეაბილიტაციის ფარგლებში განხორციელდა. ქვეყნის პირველი პირი ინგლისური ენის სასწავლო ცენტრსაც ესტუმრა და გაკვეთილის მიმდინარეობითაც დაინტერესდა. ახლადგახსნილ ცენტრში უკვე 500-ზე მეტი მოსწავლეა.
პრეზიდენტმა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც რეგიონის მასშტაბით იგეგმება და ტურისტული პოტენციალის განვითარებას შეუწყობს ხელს.
გორში სტუმრობისას, ქვეყნის პირველი პირი ახლადგარემონტებულ სტადიონზეც იმყოფებოდა და მან გორის „დილასა“ და რუსთავის „მეტალურგის“ საფეხბურთო მატჩსაც უგულშემატკივრა.
