სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე პატიმართა ოჯახის წევრებს მიმართავს,
მიმდინარე წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის, პატიმრის განთავსების დაწესებულებებში არაუგვიანეს 2012 წლის 28 სექტემბრისა, პატიმართა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია წარადგინონ.
სამინისტროს ინფორმაციით, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა პატიმრის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენა.
ამავდროულად, თუ პატიმარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირია – საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობასთან ერთად დამატებით საჭიროა დევნილის მოწმობა.
დამატებითი ინფორმაციის მიღება პატიმრის ახლობელს შეუძლია ცხელ ხაზზე მიიღოს - ყოველდღე 10-18:00 საათამდე, 08 00 00 50 50 ან 08 00 00 50 51, ზარი უფასოა.
„საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ყველა ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც იმყოფება წინასწარ პატიმრობაში ან სასამართლოს განაჩენით იმყოფება პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში და რომელსაც ჩადენილი აქვს ნაკლებად მძიმე დანაშაული“ - განმარტავს სამინისტრო.
