პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრა დახურულია და მას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი თორნიკე გორდაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე ესწრებიან.
მის დაწყებამდე, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თბილისში ვიზიტით მყოფი ვიქტორ ორბანისთვის საზეიმო მიღება მოეწყო. ღონისძიების ფარგლებში საქართველოსა და უნგრეთის ჰიმნები შესრულდა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.
დღესვე, უნგრეთის პრემიერი ბათუმში გაემგზავრება, სადაც იგი ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებს, ხოლო ხვალ დილით, საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის გახსნაში მიიღებს მონაწილეობას. მოგვიანებით იგი ქუთაისის პარლამენტს ეწვევა და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმიც გაფორმდება.
