სააკაშვილი - 1 ოქტომბერი ისეთივე გადამწყვეტია, როგორიც 2008 წლის აგვისტო იყო
სააკაშვილი - 1 ოქტომბერი ისეთივე გადამწყვეტია, როგორიც 2008 წლის აგვისტო იყო
17:43 26.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორის ცენტრში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ გაერო-ს ტრიბუნაზე გამოსვლისას უფრო ნაკლებად ნერვიულობს,  ვიდრე ახლა, როდესაც გორის ისტორიულ მოედანზე, ადგილობრივების წინაშე დგას.

პრეზიდენტმა გორის კეთილმოწყობილ ცენტრზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მალე მთელი ქალაქი ასეთივე მოწყობილი გახდება.

„ეს იყო ის მოედანი, სადაც ჩვენი მტერი ცდილობდა წერტილი დაესვა საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის. საქართველო გამოცოცხლდა, დგება ფეხზე და წინსვლას გააგრძელებს“-აღნიშნა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის განმარტებით, 1ოქტომბერი თავისი მნიშვნელობით საქართველოსთვის ისეთივე გადამწყვეტია, როგორიც 2008 წლის აგვისტო იყო.

„ის, რაც ჩვენმა მტერმა ვერ მოახერხა ფრონტალური შეტევით, ემბარგოებით, სხვადასხვა პროვოკაციებით, აფეთქებებით, მოსყიდვით, ახლა ის ამის გაკეთებას არჩევნების გარშემო ჩატარებული მანევრებით, სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციით და შემოყრილი მილიარდობით რუსული ფულით ცდილობს. ჩვენი პასუხი იქნება ისეთი, როგორიც იყო 2008 წელს - საქართველოს თავისუფლება და მომავალი არაფერზე იცვლება და ჩვენ მას დავიცავთ ყველანი ერთად“-აღნიშნა სააკაშვილმა.

ბეჭდვა