კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, საქართველოს ყოფილი ელჩი გაეროში ირაკლი ალასანია აცხადებს,
რომ საქართველოს პრეზიდენტს საერთაშორისო საზოგადოებაში სერიოზულად აღარ აღიქვამენ.
როგორც ალასანიამ დღეს განაცხადა, გაეროში მიხეილ სააკაშვილი სიტყვით ცარიელ დარბაზში გამოვიდა.
„მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი ჩემი ოპონენტია, მე გული მტკივა, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს ესე არასერიოზულად და ეჭვის თვალით უყურებს მთელი სამყარო, მაგრამ ეს დიდ ხანს არ გაგრძელდება“ - განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ ძალიან მალე ხელისუფლება შეიცვლება.
მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლების წასვლის შემდეგ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ჩავარდნილი, ხოლო ხაზინა გაძარცვული იქნება.
„ჩვენ უნდა მოვემზადოთ სერიოზული შრომისთვის, იმიტომ რომ ხაზინა დაგვხვდება გაძარცვული, მართლმსაჯულების სისტემა დანგრეული და საგარეო პოლიტიკა ჩავარდნილი. მინიმუმ, ერთი წელი მაინც დაგვჭირდება, რომ ფეხზე წამოვაყენოთ ქართული ეკონომიკა და დავიწყოთ სამართლებრივი სახელმწიფოს შენება“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
გაეროს გენერალური ასამბლეის 67-ე სესიის გენერალური დებატების ფარგლებში პრეზიდენტი სააკაშვილი სიტყვით გუშინ გამოვიდა.
